ავთანდილ კორახაშვილი | აგრარული პოლიტიკა

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც აგრო, ბიო, ნანო და საინფორმაციო ტექნოლოგიები, გლობალიზაცია და ეკონომიკური აქტივობა პრაქტიკულად შლის ქვეყნებს შორის საზღვრებს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობა მიმდინარეობს უაღრესად მკაცრი კონკურენციის პირობებში, ნებისმიერი სახელმწიფოს ამოცანაა შექმნას ხელშემწყობი პირობები, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ მოქალაქეთა ღირსეული საქმიანობის უფლებას. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე სოფლის მეურნეობა ყოველთვის ეკონომიკის ტრადიციული და მნიშვნელოვანი სექტორი იყო. სოფლის მეურნეობაში შემონახულია ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობა. რამდენი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომლითაც საქართველო ამაყობს. ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები, ყურძენი და ღვინო, ქართული მეცხოველეობა და ცხოველთა აბორიგენული ჯიშები, დღემდე შემორჩენილი ძველი ჩვეულებები და ადათწესები. ეს არის ის კულტურა და ტრადიცია, რაც დღემდე არსებობს და აუცილებელად უნდა შენარჩუნდეს. საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისათვის რომ გახდეს ქვეყანა, სადაც თითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება უვნებელი, ხელმისაწვდომი და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სურსათით, სადაც სურსათის მწარმოებლების საქმიანობა იქნება უსაფრთხო, ღირსეული და მომგებიანი, ხოლო გლობალიზაციის პირობებში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი, შენარჩუნებული და დაცული იქნება გარემოს სისუფთავე, სილამაზე და მრავალფეროვნება, მ.შ. აგრობიომრავალფეროვნება და სადაც აგრო-სასურსათო სექტორი თავის ეფექტურ წვლილს შეიტანს სასურსათო უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის, დასაქმებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში.

 

ავთანდილ კორახაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი