საქართველოს ევროპული არჩევანი: დასავლური საგარეო პოლიტიკა და მშვდიდობიანი განვითარება

საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ისტორიული განვითარების შედეგი და ღირსეული მომავლის წინაპირობაა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს საქართველოს ეროვნული ინტერესები, რომლებიც სახელმწიფო სუვერენიტეტს, დასავლეთის სამყაროსთან ინტეგრაციასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ემყარება.

საქართველომ წარმატებით მოახერხა გაევლო დემოკრატიული ტრანზიცია და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტის შექმნით დაიწყო ევროპული ტიპის დემოკრატიული საზოგადოების კონსოლიდაცია. დემოკრატიული საზოგადოების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სტაბილური საერთაშორისო გარემოა. ამგვარი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სტაბილურობის საფუძველი საერთაშორისო საზოგადოების დემოკრატიული განვითარება უნდა გახდეს, რადგან დემოკრატიული თანამეგობრობის გარეშე მშვიდობა და პოლიტიკური სტაბილურობა მყიფე და არამდგრადი იქნება.

შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიმართულია საერთაშორისო დემოკრატიული მშვიდობის გამყარებისაკენ, რაც საქართველოს მოსახლეობის საერთო ნების გამოვლინებაა. ქართველი ხალხი თავის სახელმწიფოს ევროპის განუყოფელ ნაწილად განიხილავს. საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება უპირველესი სტრატეგიული ამოცანაა. ეს მიზანი ქართველი ხალხის ისტორიულ, საუკუნებრივ მისწრაფებას წარმოადგენს და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა დასავლეთთან ინტეგრაციის ამოცანის შესრულებასთან, როგორც დღეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატიული განვითარების დაჩქარებამ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაში უაღრესად პოზიტიური როლი შეასრულა. 2013 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიანმა დასრულებამ საბოლოოდ ცხადყო საქართველოს მიერ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში მიღწეული პროგრესი. დემოკრატიული ღირებულებები იყო და რჩება საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ყველაზე ძლიერ და ქმედით არგუმენტად.

საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და დასავლური ინტეგრაციის გაღრმავების ამოცანების შესრულებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. საგარეო პოლიტიკის განხორციელების პარალელურად სამინისტროს განვითარება და დიპლომატიური პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოს წარმატების აუცილებელი პირობაა.

 

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიული კონტექსტი

საქართველოს საგარეო პოლიტიკა ყოველთვის იყო განპირობებული დასავლური სამყაროსკენ მისწრაფებით. საქართველო იყო და რჩება ევროპული სამყაროს ნაწილად. საქართველოს მოსახლეობის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების გათავისებისაკენ და დანერგვისაკენ სწრაფვა ამ სამყაროს წევრობის გამოვლინებაა. ქართულმა საზოგადოებამ თანდათანობით გაითავისა ხელისუფლების არჩევითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპები და გააცნობიერა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელობა.

საქართველოს მოსახლეობის დასავლურ მისწრაფებებს ნაყოფიერი ნიადაგი მოუმზადა საუკუნებრივმა ქრისტიანულმა ღირებულებებმა, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის (1918-1921) დემოკრატიულმა მემკვიდრეობამ, ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა დიქტატურის პირობებში და, მის მიწურულს, ეროვნული დამოუკიდებლობის სახალხო მოძრაობამ.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ ბევრი მძიმე განსაცდელი გადაიტანა. სამოქალაქო ომების, სეპარატისტების მიერ გაღვივებული და გარედან თავსმოხვეული სამოქალაქო კონფლიქტების, საგარეო აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში საქართველომ არა მხოლოდ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, არამედ თავის ისტორიულ მიზანთან – დასავლურ ინტეგრაციასთან მჭიდროდ მიახლოებაც მოახერხა. საბჭოთა კავშირიდან მიღებული უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად, საქართველომ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიული თანამეგობრობის მონაწილემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნიშნით წარიმართა. საწყის ეტაპზე წამყვანი ამოცანა იყო დამოუკიდებლობის გადარჩენა და შეიარაღებული კონფლიქტების დამღუპველი მორევისაგან თავის დაღწევა. კონფლიქტების შეიარაღებული ფაზის დასრულების შემდეგ საგარეო პოლიტიკის უპირველესი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო სამართლებრივი აღიარების განტკიცება და საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებლად დამკვიდრება გახდა. ამ ამოცანებისთვის ბრძოლაში ჩამოყალიბდა საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსი, რომლის მთავარ შემადგენელ ნაწილებად ევროკავშირში და, მოგვიანებით, ნატო-ში გაწევრიანება გახდა.

ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების მიზანმიმართულმა პოლიტიკამ საქართველო ევროპასა და ევროატლანტიკურ თანამეგობრობას დაუახლოვა. 2008 წლის სამხედრო აგრესიამ და ქვეყნის ნაწილის ღია ოკუპაციამ შეაფერხა, მაგრამ ვერ შეაჩერა საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან. ამ ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობად იქცა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ხელისუფლების კონსტიტუციურად გადაცემის საფუძვლად იქცა.

დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რეგიონული სტაბილურობის მიღწევა, მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველოფა და საერთაშორისო მშვიდობის ხელშეწყობა.

 

საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებები

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც ყველაზე საიმედო გზაა ქვეყნის მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად.

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებს ემყარება, რაც მოიცავს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პრინციპების პატივისცემას. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველომ დაამტკიცა, რომ საერთო ევროპული ფასეულობების ერთგულია და ევროპული, დემოკრატიული ოჯახის განუყოფელი ნაწილია.

ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის ამბიციური მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, აღსანიშნავია, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ როლი, რომელიც ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების მიზნით საქართველოს მნიშვნელოვან პერსპექტივებს უხსნის. ამდენად, საქართველო მზად არის გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკურ ინტეგრაციის, მობილურობის გაზრდისა და უვიზო რეჟიმის შემოღების, ასევე მთელ რიგ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებში. 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ სამიტზე პარაფირებულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ასევე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი. გარდა ამისა, სამიტზე ხელი მოეწერა ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ჩაერთოს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერაციებში და ამ გზით, ევროკავშირთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში. ამდენად, სამიტი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობისა და ევროკავშირთან ურთიერთობების თვისობრივად ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ე.წ. „ახალი თაობის“ შეთანხმებაა, რომელიც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება ფაქტობრივად შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს.

გარდა ამისა, ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ჩამოყალიბების გზით, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, გზას უხსნის საქართველოს საქონელსა და მომსახურებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის.

ამავდროულად, ფასდაუდებელია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის როლსა და ჩართულობას საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. მათ შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია მონიტორინგის მისიის ფუნქციონირება, რომელიც ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს ადგილზე მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების მოსაპოვებლად უწყვეტი მცდელობების ფონზე, ევროკავშირი, მთელი თავისი დიპლომატიური ძალების მობილიზებით, აგრძელებს ამ ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის ეფექტურად გატარებას, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში დიდ როლს თამაშობს, აგრეთვე, ჟენევის საერთშორისო დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის გზით.

ამჟამად, ჩვენს წინაშე უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგება – ვილნიუსის სამიტზე დემონსტრირებული შედეგების განხორციელების ეტაპი. ჩვენი ამოცანაა ზედმიწევნით შევასრულოთ ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები, რაც განაპირობებს საქართველოს მოდერნიზაციასა და ჭეშმარიტ ტრანსფორმაციას. ეს კი, რეალობად აქცევს ქვეყნის საერთო ევროპულ ოჯახში დამკვიდრების პერსპექტივას.

საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანება რჩება. ურთულესი გეოპოლიტიკური მდებარეობის მიუხედავად, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ტერიტორიების დროებითი ოკუპაციის მიუხედავად, საქართველომ არ დათმო დასავლური ორიენტაცია და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-სთან დაახლოების კუთხით. საქართველომ შეძლო მოეპოვებინა ყოველწლიური მოქმედების პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატო-ს სტანდარტებს უახლოვდება. ასევე, საქართველოსა და ნატო-ს დაახლოების ნათელი დადასტურებაა ნატო-საქართველოს კომისია, რომელზეც საქართველოსა და ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილება.

ნატო დიდ დახმარებას უწევს საქართველოს როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ნატო-სთან პარტნიორობა საქართველოსთვის წარმოადგენს არა მარტო პრაქტიკული მიზნების მიღწევის საშუალებას, არამედ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საქართველოს დასავლეთთან სრულფასოვან ინტეგრაციას ემსახურება.

უკვე წლებია, ნატო-სთან ურთიერთობა საქართველოსთვის არ წარმოადგენს მხოლოდ ცალმხრივი დახმარების მიღების საშუალებას. საქართველომ წარმატებით მოახერხა, საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობით საქართველომ თავი დაიმკვი‑დრა, როგორც ნატო-ს საიმედო მოკავშირემ, კომპეტენტურმა პარტნიორმა და საერთაშორისო უსაფრთხოების სრულფასოვანმა სუბიექტმა.

ნატო-სთან ნაყოფიერი ურთიერთობის კუთხით, უახლოეს ხანებში საქართველოს ამოცანაა, ხელი შეუწყოს ავღანეთის სტაბილურობას, განსაკუთრებით 2014 წელს მოკავშირეთა მიერ ავღანეთის მთვრობისათვის ქვეყნის უსაფრთხოების სრულად გადაბარების კონტექსტში. საქართველო კვლავაც გააგრძელებს ნატო-სთან პარტნიორობას ავღანეთში და მზადაა, ხელი შეუწყოს მოკავშირეთა ჯარების მშვიდობიან გამოყვანას ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების სატრანსპორტო დერეფნის საშუალებით.

ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა ქართველ ხალხს ძალიან ძვირი დაუჯდა – დაიღუპა და მძიმედ დაიჭრა რამდენიმე ათეული ქართველი სამხედრო. ამ უმძიმესი და აუნაზღაურებელი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებში და, მეტიც, გამოკითხვების მიხედვით, სულ უფრო მეტად ემხრობა საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

საქართველოს მიერ ნატო-სთან მიღწეული პოლიტიკური ურთიერთგაგება და ოპერატიული თავსებადობა, ასევე საქართველოს პროგრესი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისა და დემოკრატიის დამკვიდრების სფეროში საქართველოს აძლევს სრულ უფლებას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე უახლოეს მომავალში დასვას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის სათანადო აღიარებისა და ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრის საკითხი.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის ყოველთვის წარმოადგენდა პრიორიტეტს, რომელიც რჩებოდა და რჩება წამყვან მიმართულებად საგარეო პოლიტიკაში, მთავრობების მონაცვლეობის მიუხედავად. აშშ-თან ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო მჭიდრო და შინაარსიანი, ვიდრე დღეს. ორმხრივ ურთიერთობებში აშშ-მა და საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწიეს, რაც გამოიხატება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ქარტიის სრულფასოვნად ამოქმედებაში. ქარტიის ოთხი ძირითადი მიმართულება – თავდაცვა; ეკონომიკური თანამშრომლობა; დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება; და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება ბოლო წლების განმავლობაში ახალი შინაარსით შეივსო. ეს თანამშრომლობა არაა მიმართული მესამე სახელმწიფოების წინააღმდეგ და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას ემსახურება.

საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა რჩება, რომელიც ამჟამად მაღალი დონის დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა სტრატეგიულად ემთხვევა საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და ამჟამად აშშ-ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ტრანსატლანტიკურ სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების თაობაზე.

საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა დიპლომატიური აქტიურობა საერთაშორისო ფორუმებზე. საქართველოს ეფექტური მონაწილეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, სუამ-ის და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოველდღიურ მუშაობაში და პლენარულ შეკრებებზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის წინაპირობაა.

გეოსტრატეგიულად რთულ რეგიონში ეროვნული უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის პირობებში საქართველოსთვის საერთაშორისო ფორუმებზე ეფექტიან დიპლომატიურ მუშაობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. საქართველო ამ ფორუმებზე უკვე მონაწილეობს, როგორც წვლილის შემტანი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და დემოკრატიული ნორმების დამკვიდრებაში. საქართველო, როგორც დემოკრატიზაციის კუთხით რეგიონის ყველაზე დინამიური ქვეყანა, მზარდი ავტორიტეტით სარგებლობს არა მარტო რეგიონში, არამედ გლობალურ საერთაშორისო ფორუმებზეც.

საქართველოს განვითარებისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება მოუგვარებელი ურთიერთობები რუსეთთან. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემებია. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ძალისხმევის დიდი ნაწილი სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხმარდება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლებიც მიმართული იყო რუსეთთან გაყინული ურთიერთობების გალღობისაკენ. პრემიერ-მინისტრმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას ცდილობს. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის მიუხედავად, საქართველომ გადაწყვიტა, უარი არ ეთქვა სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რითაც კეთილი ნება გამოავლინა.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში გარკვეული დინამიკა გაჩნდა – აღდგა საჰაერო მიმოსვლა, რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა ქართული ღვინო, მინერალური წყალი. იმავდროულად, ვითარება კონფლიქტის რეგიონებში კიდევ უფრო გართულდა. 2013 წლის გაზაფხულზე რუსეთმა წამოიწყო ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელიც მავთულხლართების დამონტაჟებასა და მოსახლეობის გადაადგილების უხეშ შეზღუდვაში გამოიხატა. რუსეთის ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც ხალხების დაშორიშორებასა და, ხშირად, ოჯახებისა და მეზობლების ერთმანეთისგან დაცილებას იწვევს, კიდევ უფრო გვაშორებს კონფლიქტების მშვიდობიან გადაჭრას. საერთაშორისო თანამეგობრობის – ევროკავშირის, ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან არაერთი მწვავე განცხადების მიუხედავად რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის გაჩენას და განვითარებას.

საქართველო ცდილობს კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს რუსეთის მიმართ, მაგრამ ეს არ ხდება საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიის თუნდაც უმცირესი ნაწილის დათმობის ხარჯზე. საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს სეპარატისტული რეჟიმების საერთაშორისო აღიარების შეჩერება და შემობრუნება; კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება სტაბილურობისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების მიზნით; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში მშვიდობიანი დაბრუნების უზრუნველყოფა; და „ბორდერიზაციის“ აღკვეთა.

ქართული დიპლომატია ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს მოლაპარაკებების საერთაშორისო ასპარეზი კონფლიქტების მოსაგვარებლად. ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველომ მოახერხა რუსეთთან დიალოგის საერთაშორისო მონაწილეების – ევროკავშირისა და აშშ-ის – დახმარებით წარმართვა. სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებები მეტისმეტად რთულად მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ ფორუმს მოლაპარაკების ყველაზე მნიშვნელოვან, ერთადერთ შესაძლო ფორმატად განიხილავს. ჟენევის მოლაპარაკებების საშუალებით უნდა მოხდეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობების შესრულება, რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებასა და საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლო უპირობოდ დაემკვიდრებინა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ ადგილებში უპირობოდ დაბრუნებას ემხრობა. გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციები ემსახურება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, როგორიცაა ადამიანთა უფლება, დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს, ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად.

ქართული დიპლომატიის დამსახურებაა, რომ, რუსეთის გარდა, საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობები აქვს ყველა სხვა მეზობელ სახელმწიფოსთან – თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებმა ახალი დინამიკა შეიძინა. ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარება მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა. დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც კავკასიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნად გადაქცევას ემსახურება, რაც რეგიონული სტაბილურობის და განვითარების ერთ-ერთი საფუძველი უნდა გახდეს.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ურთიერთობას ტრადიციულ მეგობრულ სახელმწიფოებთან – უკრაინასთან, მოლდოვასთან, ისრაელთან, კანადასთან, იაპონიასთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, ბრაზილიასთან. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისათვის ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.

არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს დიპლომატიური კავშირები ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნებთან. საქართველოს ორმხრივი კავშირები ამ სახელმწიფოებთან არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციის და კულტურული გაცვლის საქმეში.

საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დღევანდელ მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის განვითარების გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. შესაბამისად, ქართული დიპლომატიის მიერ ქვეყნის საერთაშორისო პოპულარიზაცია, მისი საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა, სავაჭრო, სამრეწველო და საფინანსო პარტნიორების მოძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

საქართველოს მიმზიდველ პარტნიორად წარმოჩენა მარტო შიდა პროცესების დინამიკით არ ამოიწურება. ქართული დიპლომატიის ამოცანაა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოზიტიური პროცესების ისე მიწოდება უცხოელი აუდიტორიისათვის, რომ საქართველომ შეძლოს საერთაშორისო საინვესტიციო ბაზრებზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა შორის ადგილის დამკვიდრება და საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ინვესტიციების ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარმართვა.

საინვესტიციო მიმართულების გარდა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების ძალისხმევის კოორდინაცია რეგიონული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნის შექმნისა და განვითარების მიზნით. უკვე თითქმის ორი ათეული წელია, საქართველო წარმატებით ახერხებს დაუკავშირდეს რეგიონულ ქვეყნებს და სტრატეგიულ პარტნიორებს და მათთან თანამშრომლობით განახორციელოს გლობალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველო ცდილობს ააღორძინოს ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის იდეა, რაც ახალ ბიძგს მისცემდა რეგიონულ თანამშრომლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ევროკავშირთან, აშშ-თან და თურქეთთან თანამშრომლობით.

 

ქართული დიპლომატიური სამსახური

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს წარმომადგენლობებმა საზღვარგარეთ, პრაქტიკულად, თავიდან შექმნეს ქართული დიპლომატიური ტრადიცია, რომელიც თითქმის სრულად იყო დაკარგული საბჭოთა პერიოდში. ქართული დიპლომატიური ტრადიციის აღორძინებას, ქართველი ხალხის ნიჭიერების გარდა, ხელი შეუწყო საქართველოს მოსახლეობის ინტელექტუალურმა პოტენციალმა და საქართველოს დიპლომატიური პერსონალის პატრიოტიზმმა და თავდადებამ.

ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქართულმა დიპლომატიურმა სამსახურმა ბევრ გამოცდას ღირსეულად გაუძლო. შეიქმნა არა მარტო გამართული საგარეო პოლიტიკური აპარატი, არამედ განვითარდა ქართული საგარეო პოლიტიკის ტრადიციაც, რომელიც ქართველი ხალხის დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციაზეა დაფუძნებული. ამასთან, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმი, მისი არსებობის მცირე ხნის მიუხედავად, პატივისცემით სარგებლობს უცხოელ კოლეგებს შორის. ქართველი დიპლომატები ღირსეულად არიან წარმოდგენილნი მთელ მსოფლიოში და ემსახურებიან თავიანთი სამშობლოს ინტერესებს.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგად კოორდინირებულ სამსახურს წარმოადგენს, სადაც დინამიური სამუშაო გარემოა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სამინისტრო ახდენს ქართული დიპლომატიის გლობალურ მართვას. დიპლომატიური სამსახურის მართვის ოპერატიულობა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მართავს კოლეგია, რომელიც სამინისტროს ხელმძღვანელობისა და დეპარტამენტების დირექტორებისაგან შედგება. დეპარტამენტები დაყოფილია როგორც პროფილური, ასევე რეგიონული პრინციპით. დეპარტამენტები შედგება სამმართველოებისაგან, რომლებიც ცალკეულ მიმართულებებს კურირებენ.

დღეს საქართველოს აქვს სამოცდათორმეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა (საელჩო, მისია და გენერალური საკონსულო), რომლებიც მსოფლიოს უმეტეს ნაწილს ფარავს. ამჟამად, სამინისტროსა და წარმომადგენლობების პერსონალის შერჩევა ღია კონკურსის წესით ხდება, რაც ქართულ დიპლომატიურ სამსახურში განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული საქართველოს მოქალაქეების მოზიდვას უზრუნველყოფს. დღეს საქართველოს დიპლომატიური პერსონალის უმეტესობა ახალგაზრდა პროფესიონალია, რომლებიც გამუდმებით იმაღლებენ კვალიფიკაციას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. სამსახურის მზარდი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია დიპლომატების სტაბილური, შეკავშირებული კოჰორტის ჩამოყალიბება, რომელიც დიპლომატიისათვის დამახასიათებელ დისციპლინას წარმატებით უხამებს შემოქმედებით მიდგომასა და არაორდინარულ აზროვნებას.

ქართული დიპლომატიური სამსახურის პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაცულობა მსოფლიოს ყველა კუთხეში წლიდან წლამდე უმჯობესდება, ხოლო საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟი მაღლდება.

 

დასკვნა

საქართველოს საგარეო პოლიტიკა გააზრებულ სტრატეგიასა და მყარ პრიორიტეტებს ეყრდნობა. საერთაშორისო ძალაუფლების განაწილების ცვალებადობის პირობებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ ახერხებენ ძირითადი პოლიტიკური კურსის შენარჩუნებას და განვითარებას და, იმავდროულად, ახდენენ გარემოსთან ტაქტიკურ ადაპტირებას.

საქართველოს ეროვნული ინტერესები რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირობო ორიენტირად. ამ ინტერესებს კი საქართველოს ხალხის ნება განსაზღვრავს. საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში ჩვენი თაობის მთავარი მიზანია, რომლის ახდენაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს.

 

მაია ფანჯიკიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი