საკითხის მნიშვნელობა გლობალური ჯანმრთელობისათვის
სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის საყოველთაო მოცვა გლობალური ჯანმრთელობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპები განისაზღვრება, როგორც ჯანმრთელობის ხელშეწყობის, პრევენციის, მკურნალობის, რეაბილიტაციის და პალიატიური სერვისების გამოყენების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში, ისე რომ მომსახურების მიღებამ არ გამოიწვიოს პაციენტის ფინანსური ტვირთის გაზრდა. იგი წარმოადგენს უკეთესი ჯანმრთელობის იმედს და სიღარიბისაგან დაცვის შესაძლებლობას ასობით მილიონი ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი – მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
უნივერსალური მოცვა გულისხმობს მოსახლეობის არა მარტო ფინანსური რისკებისაგან დაცვას, არამედ მათთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების გარანტიას და ჯანმრთელობის უფლების სამართლიან და თანაბარ უზრუნველყოფას ყველა ადამიანისათვის.
უნივერსალური მოცვის იდეა გაცხადებული იყო ჯერ კიდევ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 1948 წლის კონსტიტუციით, როდესაც ჯანმრთელობა გამოცხადდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად. 1978 წელს ალმა-ატაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მის მნიშვნელობას სტრატეგიით „ჯანმრთელობა ყველასათვის“, როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობის აღიარებას მთელ მსოფლიოში.
1993 წელს მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული მსოფლიოს განვითარების ანგარიშით წარმოჩინდა ჯანდაცვაში ინვესტირების მნიშვნელობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2010 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო მოხსენებაში ასახა ქვეყნების მიერ ჯანდაცვის დაფინანსების სისტემების რეფორმირების ის გზები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უფრო უნივერსალური მოცვისკენ სწრაფი წინსვლა და მიღწეული შედეგების შენარჩუნება.
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უნივერსალური ჯანდაცვის გლობალური მოძრაობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2012 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით ჯანმრთელობის უნივერსალურ მოცვასთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, სამოქალაქო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სწრაფად და მნიშვნელოვნად გააქტიურონ ძალისხმევა მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
2014 წლის მაისში გაეროს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და ჯანმოს მიერ შემუშავდა ერთობლივი ჩარჩო ჯანმრთელობის უნივერსალური მოცვის მიღწევების მონიტორინგისათვის ორი მიმართულებით:
1) ფინანსური დაცვა: 2030 წლისთვის არავინ უნდა გაღარიბდეს ან ცხოვრობდეს სიღარიბეში სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების გამო.
2) სერვისების მიწოდება: 2030 წლისთვის ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე.
დღეისათვის ყველა მაღალგანვითარებული ქვეყანა, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა (რომელიც პრეზიდენტ ობამას რეფორმის კონცეფციის თანახმად, აქეთკენ მიდის), უზრუნველყოფილია უნივერსალური ჯანდაცვით, 30-ზე მეტი საშუალო განვითარების მქონე ქვეყანამ წარმატებით განახორციელა უნვერსალური ხელმისაწვდომობის სხვადასხვა სქემა, ხოლო ბევრი დაბალი განვითარების ქვეყანა უკვე იწყებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დანერგვას.
ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება და 2015 წლის შემდეგი მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals (SDG) ტალღა მნიშვნელოვან წილად იქნება დამოკიდებული ქვეყნების მიღწევებზე უნივერსალური მოცვის მიმართულებით. 2015 წლის შემდგომ მიზნებში ჯანმრთელობის უნივერსალური მოცვის საკითხების პრიორიტეტულობა ასახულია არა მარტო ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ მე-3 ამოცანაში „ყველა ადამიანისთვის ჯანმრთელი სიცოცხლისა და კეთიდლღეობის ხელშეწყობა ნებისმიერ ასაკში“, არამედ, პოპულაციის ჯანმრთელობა წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მთავარ მამოძრავებელს და ასახულია 17-ივე მიზანში.
ტექნიკური თვალთახედვით, უნივერსალური მოცვის მიღწევა შესაძლებელია 3 გზით:
მოცვის არეალი: მოსახლეობის წილი, რომელიც სარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით უნდა გაიზარდოს თანდათანობით, რათა მოცული იქნას მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა მომსახურებაზე და/ან სოციალური დაცვა მომსახურების მიღების გამო მოსალოდნელი ფინანსური შედეგების წინააღმდეგ. ამასთან ერთად, უნდა გაიზარდოს მოცვის ხარისხი იმ ძირითადი მომსახურების გაფართოებით, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის მოთხოვნების ეფექტურად დასაკმაყოფილებლად. უნდა გაფართოვდეს რესურსების მოცულობა – აქ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ე.წ. „ბაზისურმა პაკეტმა“. მოცვის დონე, ანუ ჯანდაცვაზე დანახარჯების წილი, რომელიც იფარება წინასწარ გადახდილი სახსრების გაერთიანების შედეგად, უნდა გაიზარდოს, ჯიბიდან გადახდების წილის შემცირების ხარჯზე.
მომავლის ხედვა
სახელმწიფო განაგრძობს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე სტრატეგიულ რეფორმებს, რომელთა მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ყველა მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯანდაცვაზე დანახარჯების გამო ოჯახებზე ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენის შემცირება. აღნიშნულის მისაღწევად, ყოველწლიურად განხორციელდება ჯანდაცვის სექტორის სახელმწიფო დაფინანსების ეტაპობრივი ზრდის ადვოკატირება ფინანსური სივრცის ანალიზსა და ჯანდაცვის სექტორის პროგრამულ საჭიროებებზე დაყრდნობით.
ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკისა და პროგრამების, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯებისა და გაღარიბების რისკების შემცირებას. ამასთანავე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში შემდგომი აქცენტები კეთდება სამედიცინო მომსახურების პაკეტის ოპტიმიზაციასა და ეტაპობრივ გაზრდაზე, სამედიცინო
მომსახურების ხარისხისა და სამკურნალწამლო საშუალებებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე რაციონალური ფარმაკოთერაპიის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობით.
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების გაუმჯობესების გზით გაიზრდება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობა. განიხილება სამედიცინო მომსახურების მსოფლიოში აპრობირებული დაფინანსების ინტეგრირებული სისტემის დანერგვა, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის სამედიცინო სერვისზე სახელმწიფო დანახარჯებს. ასევე განხორციელდება ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის განვითარება სახელმწიფო და კერძო სექტორის ხვედრითი წილის სწორი დაგეგმვითა და ვალდებულებების სახელმწიფო რეგულირების მეშვეობით.
2016 წლიდან განხორციელდება გლობალური ფონდის (The Global Fund), ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსისა (The GAVI Alliance) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების (იმუნიზაცია, აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, ჩანაცვლებითი თერაპია) სახელმწიფო დაფინანსებაზე ეტაპობრივი გადასვლა შესაბამისი პროგრამების ფინანსური მდგრადობის გეგმის შემუშავებით, ფინანსური ვალდებულებების დეტალური გაწერითა და ფისკალურ სივრცეში ასახვით.
დავით სერგეენკო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” მესამე გამოცემაში