სამეცნიერო კონფერენცია “სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში”

სამეცნიერო კონფერენცია – „სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში“
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2015 წლის 20 ნოემბერს პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში“.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულის (2003-2012 წწ.) პოლიტიკური მოვლენების მეცნიერულად გაანალიზება, პირუთვნელი შეფასება ამ პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკისა და ავტორიტარული მმართველობისა, იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განხილვა, რამაც ხელი შეუშალა სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას საქართველოში; კონფერენციის მიზანი აგრეთვე იყო ახალი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიული ამოცანებისა და პრიორიტეტული ვექტორების განსაზღვრა, ასევე სამოქმედო ჩარჩო-პროგრამებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.
კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
კონფერენციას საქართველოს პარლამენტის სახელით მიესალმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქალბატონი მანანა კობახიძე.
სიტყვით გამოვიდა და კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა პლენარული სხდომის თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გია ჟორჟოლიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს მთავრობის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, პროფესორი ეკატერინე ქარდავა, საქართველოს საპატიო იურისტი, სამართლის დოქტორი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ კონფერენციამ მუშაობა სექციებში განაგრძო.
I სექცია თემაზე – „სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის აქტუალური საკითხები“, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა;
II სექცია თემაზე – „ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მას უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უხელმძღვანელა;
III სექცია თემაზე – „მმართველობითი გადაწყვეტილებების სისტემური ანალიზის და ელექტრონული მმართველობის მოდელირების პრობლემები საქართველოში“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჩატარდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით;
IV სექცია თემაზე – „სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის და ქვეყნის სექტორული ეკონომიკის განვითარების პრობლემები“, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის გიორგი თოფაძის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
კონფერენციის მსვლელობისას ცნობილ მეცნიერთა და სახელმწიფო მოღვაწეთა მონაწილეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა „სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი; ასევე გაიმართა საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის www.anti-totalitarian.ge პრეზენტაცია, რომელიც 2003-2012 წლების ავტორიტარული მმართველობის დამანგრეველი შედეგების თვალნათლივ, დოკუმენტალურ ჩვენებას ემსახურება, და რომელზეც თავმოყრილი იქნება ყველა ის პუბლიკაცია, დოკუმენტები, ქართველ თუ უცხოელ ექსპერტთა დასკვნები და შეფასებები, ფოტო თუ ვიდეო მასალა, რაც ჩვენი უახლოესი წარსულის მძიმე რეალობას ასახავს. პორტალზე ასევე მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია ავტორიტარული მმართველობის შემდგომ პერიოდში განხორციელებული რეფორმების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის ყველა ძირითადი მიმართულებით, რათა მოხდეს სამოქალაქო-სამართლებრივი თვითშეგნების დონის ზრდა, კანონიერების კულტურის დამკვიდრება, ხელისუფლებაზე მოქალაქეების კონტროლისა და, საჭირო შემთხვევაში, ზემოქმედების დემოკრატიული მექანიზმების ამოქმედება, რაც უნდა გახდეს საწინდარი წარმატებული სვლისა „ავტორიტარულიდან – სამართლებრივ სახელმწიფომდე“.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწენი, მასმედიის ხელმძღვანელები, საქმიანი წრეების წარჩინებული წარმომადგენელნი, საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელმძღვანელები, სამეცნიერო ჟურნალის „ქართული პოლიტიკა“ სარედაქციო კოლეგიის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.
დასასრულს, კონფერენციის მუშაობის შედეგების შეჯამებისას, მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს კონფერენციის მსვლელობა და აღნიშნეს, რომ სამეცნიერო კონფერენციის „სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში“ წვლილი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში უდავოდ დიდი და ძალზედ მნიშვნელოვანია.

34343

2323

87787