2022 წლის 8 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ,,სწავლულ ექსპერტთა რეესტრის’’ საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა, სადაც განიხილეს საკითხები საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების სტატისტიკის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ. შემდგომ გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,სწავლულ ექსპერტთა რეესტრის’’ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრები.
ღონისძიების გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე- პრეზიდენტმა, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. დისკუსიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ – საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: ლადო პაპავა, ქართლოს ყაჭიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ბერიძე და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე.
შემდგომ გაიმართა მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. ორმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს. სამი წლის ვადით გაფორმებული მემორანდუმი, მხარეთა შორის, ხარისხიან და ობიექტურ, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებასა და გაცვლას შეუწყობს ხელს. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, – „ურთიერთანამშრომლობის დროს, საქსტატი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის ფარგლებში, აკადემიას – მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებისთვის საჭირო სტატისტიკურ ინფორმაციას მიაწვდის და უზრუნველყოფს მისი ინტერესების სფეროში შემავალი სტატისტიკური პროდუქტებით“.
თავის მხრივ, აკადემია უზრუნველყოფს საქსტატის თანამშრომელთა მონაწილეობას სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებაში, ხელს შეუწყობს საქმიანობის ძირითად მიმართულებასა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
სამომავლო ურთიერთობის დაგეგმვის და აზრთა გაზიარების მიზნით, აკადემია და საქსტატი, პერიოდულად უზრუნველყოფენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას.