მიმდინარე წლის 22 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც მოხსენებით, – „ჰიდროტექნიკური ნაგებობები საქართველოში (სტრუქტურა, პრობლემები და პერსპექტივები)“ , წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე. მოხსენებაში განხილული იყო ქართული ჰიდროინჟინერიის სფეროში არსებული ჰ/ტ ნაგებობების სტრუქტურა, აქტუალური ფუნქციები, პრობლემები, მდგრადი და ეფექტური განვითარების თვალსაზრისით. საქართველოსთვის, როგორც მთაგორიანი რელიეფის, მრავალრიცხოვანი მდინარეების, ზღვის სანაპირო ზოლისა და მაღალმთიან ზონაში ტბების მქონე ქვეყნისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიდროენერგეტიკული სფეროს ჰ/ტ ნაგებობები.
მოხსენებაში პროფესორი დავით გურგენიძე, ასევე, შეეხო შემდეგ აქტუალურ საკითხებს: არსებული და პერსპექტიული მსხვილი ჰესები; მცირე, მიკრო და მინიჰესები, აკუმულირებადი ჰესები და მათი განვითარების პერქსპექტივები; ზღვის ტალღების ენერგიის გამოყენება ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობებში და მდინარეებისა და ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის არსებული და პერსპექტიული მიდგომები; ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების უსაფრთხოება; ტერიტორიების დატბორვის საწინააღმდეგო აუცილებელი ღონისძიებები; წყალგამწმენდი ჰ/ტ ნაგებობები და მათი განვითარების აუცილებლობა; სასმელი წყლის სრულფასოვანი დაცვის სისტემების შექმნა საქართველოში; ზღვის სივრცეებისა და სანაპირო ზოლის დაცვა ჩაღვრილი ნავთობპროდუქტებისაგან.
პროფესორმა დავით გურგენიძემ, ასევე, ონლაინ წარმოადგინა საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული უმსხვილესი კაშხლების, მცირე ჰესების, ელექტროსადგურების, წყალსაცავების, ფოტო და ვიდეო მასალა.
თავისი მოხსენების დასასრულს, დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ განხილული საკითხების, არსებული პრობლემების, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და ექსპერტთა წინადადებების სისტემური განხილვისა და აღსრულების ეტაპობრივი კონტროლისთვის, ასევე, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში კონკრეტული სამეცნიერო და აკადემიური მიმართულებების ერთიანი სამეცნიერო ორგანიზაციისათვის, მიზანშეწონილია მეცნიერებათა აკადემიამ შექმნას – „ჰ/ტ ნაგებობების მეცნიერული კვლევების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის სამეცნიერო საბჭო“, რომელიც მრავალდარგობრივი იქნება და აკადემიის დებულების შესაბამისად განახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს. პრეზიდიუმის წევრებმა ამ მოსაზრებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, აკადემიკოს-მდივანმა რამაზ ხუროძემ, ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, აკადემიკოსებმა: ელგუჯა მეძმარიაშვილმა, თამაზ შილაკაძემ, რამაზ ხეცურიანმა და სხვ.