ყველა სახელმწიფოს საკუთარი, უნიკალური ისტორია აქვს. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და გეოპოლიტიკური ვითარება, ერის ბუნება და კულტურულ-ისტორიული თავისებურებანი ყოველ ისტორიულ ეტაპზე შესატყვის სახელმწიფოებრივ პოლიტიკის გატარებას ითხოვს, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის მართვის საყოველთაოდ აღიარებულ პოსტულატებს ეფუძნება.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამიათასხუთასწლოვანი ისტორიის მანძილზე, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორების ზეგავლენითა და ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით მეთოდურად ყალიბდებოდა ქვეყნის სახელმწიფოებრივი მართვის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ეროვნული, ქართული პოლიტიკა ჰქვია.
მეცნიერები და სპეციალისტები, პოლიტკოსები პერმანენტულად სწავლობენ ქვეყნის მიერ განვლილ ისტორიულ ეტაპებსა და დღევანდელობას, მსოფლიო გლობალიზაციის გავლენას თანამედროვე პოლიტკურ ვითარებაზე. მრავალი კონკრეტული კვლევა ჩატარდა და ტარდება ამ მიმართულებით, მაგრამ საკვლევი, განსაკუთრებით იმ დონის, რომლის შედეგებიც უთუოდ იქნება გასათვალისწინებელი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში – ჯერ კიდევ ძალზე ბევრია.
ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ ამოცანაა, შეძლებისდაგვარად, ხელი შეუწყოს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეს, უზრუნველყოს მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ შემოთავაზებული საქმიანი წინადადებებისა და რეკომენდაციების ფართოდ განიხილვა საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად.
,,ქართული პოლიტიკა’’ სამეცნიერო ჟურნალია, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველა ასკის, პროფესიის, ეროვნების, სოციალური მდგომარეობის ადამიანებთან. მართალია, ჟურნალში მხოლოდ სამეცნიერო და მიმოხილვითი სტატიები ქვეყნდება, მაგრამ რედაქციაში შემოსული თითოეული მოქალაქის კონსტრუქციული აზრი საფუძვლიანად იქნება გაანალიზებული კომპეტენტურ მეცნიერთა მიერ და მიეცემა სათანადო შეფასებები.
ეს, თქვენი ჟურნალია და ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჭეშმარიტად ეროვნული პოლიტიკის შექმნის საქმეში.
გმადლობთ, რომ ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს.
სამეცნიერო ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა” სარედაქციო კოლეგეა
კონცეფცია
ჩვენი სამეცნიერო ჟურნალის დანიშნულებაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, სახელმწიფო–პოლიტიკურ საქმიანობაში მსოფლიო მეცნიერების უხლესი მიღწევების დანერგვას, პოლიტიკური მეცნიერების განვითარებას, პოლიტიკოსთა და სახელმწიფო მოხელეთა სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვას, მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ მეცნიერულ დონეზე გაანალიზებული მასალების, მოპოვებული ახალი მიღწევების, გამოკვლევათა შედეგების საზოგადოებისთვის თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიებით გაცნობას და სხვ.
სამეცნიერო ჟურნალ ,,ქართული პოლიტიკის’’ უმნიშვნელოვანესი ამოცანა – საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერების სფეროში მოპოვებული მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაა. ჟურნალი აქვეყნებს ექსკლიუზიურ სტატიებს ქართულ და უცხოურ ენებზე. თითოეულ სტატიას თან ერთვის სამ ენაზე შესრულებული გაფართოებული რეფერატი (გაშლილი რეზიუმე), რათა უზრუნველყოფილ იქნას მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებრიობის გამოქვეყნებულ სტატიებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. ჟურნალში გამოქვეყნებული რეფერატი განთავსდება ამ საიტზე და წარედგინება საერთაშორისო ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზებს. რედაქცია მუდმივად ეწევა შესაბამის საქმიანობას ჟურნალის მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებში წარსადგენად.
პრიორიტეტები
ჟურნალის პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს გამოაქვეყნოს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ცნობილი მოღვაწეების, სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების სამეცნიერო სტატიები. ამ მიზნით უზრუნველყოფს მეცნიერული კვლევის შედეგების, მიმოხილვითი სტატიების და სადისკუსიო მასალების გამოქვეყნებას ცოდნის ისეთ სფეროებში როგორიცაა: ქართული პოლიტიკის ისტორია, პოლიტიკური მეცნიერებები, პოლიტიკური რეფორმები, სახელმწიფო პოლიტიკისა და ქვეყნის ეფექტიანი მართვის საკითხები, საქართველოს გეოპოლიტიკა და ა.შ..
ჟურნალი ხელს უწყობს ამ პრობლემათა მეცნიერული კვლევების აქტუალიზაციას, ამასთან, კვალიფიციურ დახმარებას უწევს ყველა პირს, ვინც შემოქმედებითი ძიების პროცესში იმყოფება, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა მკვლევარებს.
ჟურნალში ავტორებად ვიწვევთ საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების იმ თანამშრომლებს, რომლებიც არა მარტო ფლობენ ინფორმაციას დარგში მიმდინარე პროცესებზე, არამედ შესწევთ უნარი განზოგადებული, ღრმა ანალიზისა და დასკვნების სახით წარუდგინონ საკუთარი ნააზრევი ფართო საზოგადოებრიობას.
ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სახელმწიფო მოხელეებს, კიდევ უფრო განივითარონ საქართველოსა და მსოფლიოში მიიმდინარე მოვლენებში სიღრმისეულად წვდომისა და მეცნიერულად განზოგადების უნარები, პერმანენტულიდ იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, იფიქრონ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან გრძელვადიან თანნამშრომლობაზე, სრულად და საჯაროდ გამოავლინონ საკუთარი მეცნიერული პოტენციალი.
მოკლედ
გამოცემის ფორმა: ელექტრონული ჟურნალი, საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება წელიწდლეულში ,,საქართველო – გლობალური გამოწვევების პირისპირ’’, რომელიც დაიბეჭდება სტამბური წესით; გამოცემის სავარაუდო მოცულობა: 150 – 160 ნაბეჭდი გვერდი; გამოცემის პერიოდულობა: ორ-სამ თვეში ერთხელ; გავრცელება: ჟურნალი მკითხველს მიეწოდება პერსონალურად ელ-ფოსტის მეშვეობით; გამოცემის სტატუსი: რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემა; თანამშრომლობა: საქართველოს სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სამეცნიერო, სასწავლო და საინფორმაციო დაწესებულებები, საერთაშორსო ორგანიზაციები; სარედაქციო კოლეგია: საქართველოსა და საზღვარგარეთის ავტორიტეტული მეცნიერები; წამყვანი სამეცნიერო ორგანიზაცია: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია -საქართველოს მთავრობის მეცნი¬ერული მრჩეველი და მეცნიერული კვლევების კოორდინატორი საქართველოში; გამოცემის ენა: ქართული (შემდგომში ითარგმნება ინგლისურ და რუსულ ენებზე); გავრცელება: საქართველო, საზღვარგარეთის ქვეყნები; მიზნობრივი გავრცელება: ოფიციალური დაწესებულებები (ქვეყნების პარლამენტები, სამთავრობო დაწესებულებები, თვითმმართველობის და ავტონომიური მმართველობის ორგანოები, საელჩოები, წარმომადგენლობები და სხვ.) პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები, ქართული სათვისტომოები, უმაღლესი სასწავლებლები, ბიბლიოთეკები, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.