ჟურნალის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოსა და სამართლის აქტუალური პრობლემები.
განსაკუთრებით ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოს სახელმწიფოერივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივი განვითარების ეტაპებსა და პერსპექტივებს, სახემწიფო მმართველობის, ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმართველობის, სამართლებრივი სახემწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საკითხებს.
გამორჩეული ადგილი უნდა დაეთმოს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების თაობაზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგების გაშუქებას, კანონმდებლობაში გამოვლენილ ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის წინადადებებს, ადამიანის უფლებების მომწესრიგებელი ნაციონალური კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებს.
სამართლის უზენაესობის დამკვიდრების მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმის ინსტიტუციურ, პროცესუალურ და ორგანიზაციულ საკითხებზე, სამართალდამცველი და უფლებადმცველი სისტემების ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის შესახებ სამეცნიერო წერილების გამოქვეყნება. ამასთანავე, სათანადო ადგილი უნდა დაეთმოს შედარებით სამართლებრივ კვლევებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საკანონმდებლო გამოცდილების ანალიზს.
ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს აგრეთვე ქართული სამართლის, იურდიული და პოლიტიკური შეხედულებების ისტორიის საკითხები.
ჯონი ხეცურიანი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი