უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას წამყვანი როლი ენიჭება ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარების პროცესში. უსაფრთხოებას, როგორც პოლიტიკურ კატეგორიას, მყარი ადგილი უკავია ისეთ ფენომენთა გვერდით, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები… იგი თანამედროვე გლობალიზაციის ფონზე თანდათან უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და განაპირობებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მართვის სტრატეგიას.
უსაფრთხოების კონცეპტუალური ვარიანტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციები. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას არსებობის დიდი ისტორია აქვს. იგი დაახლოებით იმ პერიოდიდან იღებს სათავეს, რა დროიდანაც სახელმწიფოს არსებობა ივარაუდება. ეს კონცეფცია აღიარებული და მიღებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მიერ და სახელმწიფოს მართვის ძირითად პრინციპად გვევლინება. ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ეთნიკური უმცირესობისა და ერთა შორის ურთიერთობის პრობლემასთან. ეროვნული უმცირესობის საკითხი ყველა სახელმწიფოსთვის მეტნაკლებად პრობლემატურია.
სოციალურ მეცნიერებებში დღეს აღიარებულია რომ კონფლიქტების პრობლემა ყველაზე მწვავედ მრავალეროვან საზოგადოებაში იჩენს თავს და მსოფლიო ეთნოკონფლიქტების უმრავლესობაც სწორედ იქ ხდება.
ახალი დემოკრატიული საზოგადოების შენება გულისხმობს საზოგადოების ცხოვრების მოწყობის ახალი ტენდეციების გაჩენას, მანამდე არსებული საზოგადოებრივი ცხოვრების რეგულირების სტრატეგიის შეცვლას, ადაპტაციის ახალი პროცესების დაწყებას, როდესაც ყოველი კულტურა რეადაპტაციის საკუთარ მექანიზმებს შეიმუშავებს. ეთნიკურ კულტურას, უხდება ახალ გარემოსთან შეგუება, არატრადიციული ფასეულობების, თანამედროვე საზოგადოების ნორმების მიღება. იცვლება ქცევის ტიპი და მასთან ერთად აზროვნება და მსოფლმხედვა.
ეთნიკურ სისტემაში უცხო სოციალურ ან ეთნოკულტურულ გარემოში მოხვედრისას განსაკუთრებულად ძლიერდება ეთნიკური ერთობის ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი, რაც გამოიხატება თვითიზოლაციაში, მეზობელ ეთნოსებთან კონტაქტების შემცირებაში, სოციალური დისტანციის გაზრდაში და, ამავე დროს, საკუთარი სტატუსის ამაღლებასა და პოზიტიური ჯგუფური იდენტიფიკაციის გაძლიერებაში. ამას თან სდევს ნეგატიური სტერეოტიპების გაძლიერება, რაც აგრესიულობის საფუძველს ქმნის და ანელებს კულტურული კომპრომისის მცდელობას. მსოფლიოში ბევრი ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური კონფლიქტი დაკავშირებულია თვითგამორკვევის საკითხთან. ამან შესაძლებელია, სრულიად მშვიდ რეგიონებში გამოიწვიონ არეულობა და კონფლიქტური სიტუაციები. დაპირისპირება შეიძლება მოხდეს არა მარტო ეთნიკურობის ნიადაგზე, არამედ კულტურის, რელიგიის, ენისა და პოლიტიკის სფეროში შეუთა¬ვსებლობის გამო, რომლის ლეგიტიმაცია ხშირად ეთნიკურობის ქვეშ ხდება.
ასეთ კონფლიქტთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეთნოტერიტორიული კონფლიქტებია, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებითაა განპირობებული და სხვადასხვა სახითაც გამოვლინდებიან. ხშირად მათ პოლიტიკურ-ტერიტორიული კონფლიქტის ხასიათი უფრო აქვთ, ვიდრე ეთნოკონფლიქტისა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესი მრავალი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოში, როგორც მრავალეროვნულ ქვეყანაში, იდეოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გვერდით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა უმცირესობა _ უმრავლესობის, ლოკალიზაციის, მულტიკულტურალიზმის, ინტერეთნიკური ურთიერთობების საკითხებმა შეიძინა. სახელმწიფოში სერიოზულ ამოცანად იქცა ეროვნული პოლიტიკის სწორად წარმართვა და დეზინტეგრაციული პროცესების შეჩერება.
ეს პროცესები დემოკრატიული განვითარების გზაზე მდგომი საზოგადოებისთვის საკმაოდ დამამუხრუჭებელ ფაქტორს წარმოადგენს, ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ამდენად, ეროვნული უმცირესობების პოზიტიური პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია საერთო სახელმწიფო სივრცეში ქვეყნის უცილო პრიორიტეტს წარმოადგენს.
ლიანა მელიქიშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი