მივესალმები სამეცნიერო ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ გამოცემას.
მაკიაველი პოლიტიკას განსაზღვრავდა როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე. ვფიქრობთ, ამ თეზას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და მივიჩნევთ, რომ როგორც დღევანდელი, ასევე სამომავლო ქართული პოლიტიკაც მხოლოდ მეცნიერული ცოდნის საფუძვლებზე დაყრდნობით უნდა აიგოს და სრულად ითვალისწინებდეს თანამედროვე საზოგადოებრივი განვითარების ობიექტურ კანონზომიერებათა შედეგებს, მის მარეგულირებელ ძირითად პრინციპებსა და ნორმებს.
გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს, პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური პროცესების მართვა მნიშვნელოვნად არის გართულებული. სახელმწიფოს მართვის პროცესში, ყველაზე დემოკრატიული პროცედურების დაცვის შემთხვევაშიც კი არ ვართ დაზღვეულნი მცდარი გადაწყვეტილებების მიღებისაგან, რასაც, ხშირად, უარყოფით შედეგებამდე მივყავართ. ერთ–ერთი საუკეთესო გზა და საშუალება სწორად დავგეგმოთ პოლიტიკური კურსი, ობიექტურად გავაანალიზოთ ქვეყანასა და უცხოეთში არსებული ვითარება და თავიდან ავიცილოთ სერიოზული შეცდომები – არის საქართველოსა და მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული მეცნიერული შეხედულებების ჩვენს მმართველობით საქმიანობაში ფართოდ დანერგვა.
თანამედროვე დემოკრატიულ სისტემებში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება გულისხმობს: ყოველმხრივ მეცნიერულ ექსპერტიზას; კონსულტირების სისტემას; ურთიერთობათა პროფესიონალიზმს. სწორი პოლიტიკა – ყოველთვის არის სახელმწიფო მოღვაწეთა, მეცნიერთა და სპეციალისტთა დაუღალავი შრომის შედეგი, მრავალი ადამიანისა და ორგანიზაციის ,,კოლექტიური გონის’’ პროდუქტი. ბუნებრივია, ამ პროცესში, თავისი წონადი სიტყვა სამეცნიერო ჟურნალისტიკამაც უნდა თქვას.
დემოკრატიული, პლურალისტული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობა საზოგადოების პოლიტიკური განათლების მეშვეობით, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ვფიქრობთ სამეცნიერო ჟურნალი ,,ქართული პოლიტიკა’’ ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოებრიობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს პოლიტიკურ ვითარებათა უკეთ გაგებაში, დემოკრატიული ცნობიერების გამყარებაში, გააძლიერებს მათში პოლიტიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკაში პროფესიული კარიერისთვის მზაობას.
მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები, არ შემოიფარგლონ მხოლოდ მწვავე, პრობლემური საკითხების დაყენებით, არამედ შემოგვთავაზონ მათი გადაწყვეტის კონკრეტული გზები, მეცნიერული რეკომენდაციები – აი რა გახდის ამ სამეცნიერო გამოცემას საინტერესოს და სასარგებლოს მათთვის, ვინც რთულ სახელმწიფო და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.
გულწრფელად ვუსურვებ სამეცნიერო ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ ავტორთა კოლექტივს შემოქმედებით წარმატებებს, ხოლო მკითხველებს – ახალ, საინტერესო შეხვედრებს საყვარელ ჟურნალთან.
როინ მეტრეველი
პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
ძვირფასო მკითხველებო!
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელით გულწრფელად მივესალმები ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის –,,ქართული პოლიტიკა’’ –გამოცემას.
დღეს, საერთაშორისო მეცნიერებაში მეტად აქტუალურია ცოდნისა და მმართველობითი საქმიანობის, მეცნიერებისა და პოლიტიკური პრაქტიკის ურთიერთმიმართების ტრადიციული პრობლემა. წარსულისა და ჩვენი დროის უდიდესი მეცნიერები და მოაზროვნენი, როგორც ჰუმანიტარები, ასევე საბუნებისმეტყველო დარგების წარმომადგენელნი, ეძებენ მეცნიერებისა და სახელმწიფოს მართვის ურთიერთსასარგებლო კავშირებს, ეძებენ „ცოდნაზე დამყარებული საზოგადოების“ ჩამოყალიბების გზებს.
ვფიქრობ, აკადემიამ დღეს სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგას იმ თვალსაზრისით, რომ ერის სამსახური და მეცნიერების სამსახური გაერთიანდეს, დაუახლოვდეს ერთმანეთს, რადგან ეს დაახლოება აუცილებელია ერის განვითარებისთვის, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის.
საქართველოში, ისე როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, ეს პრობლემა საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილია, რამდენადაც საქართველოს კანონით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, აკადემია – საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველია.
სამეცნიერო ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ გამოცემა, რომლის სარედაქციო კოლეგია ძირითადად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებით არის დაკომპლექტებული, იმის მკაფიო მაგალითია, რომ აკადემიის ქართველი და უცხოელი მეცნიერები კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებენ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებთან და მიაწვდიან მათ მეცნიერულ რეკომენდაციებს საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
როგორც ჩანს, ჟურნალში მრავალი აქტუალური პრობლემა იქნება განხილული, მაგრამ ჩვენ უპირველეს ყოვლისა აქტიურად უნდა ვიფიქროთ იმის თაობაზე, თუ რას უნდა წარმოადგენდეს ქართული ეროვნული იდეოლოგია, ის სახელმწიფოებრივი იდეა, რომელიც გააერთიანებს და გააძლიერებს სრულიად საქართველოს.
იმედს გამოვთქვამ და მჯერა, რომ ჟურნალი წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს და მისი საქმიანობა ნაყოფიერი იქნება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის საპატიო პრეზიდენტი,
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე