ჟურნალის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რევაზ გაჩეჩილაძე დაიბადა ქ. თბილისში, 1943 წლის 4 მაისს.
1960 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის იან ამოს კომენსკის სახელობის 24-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიულ განყოფილებაზე, რომელიც 1965 წელს დაამთავრა წარჩინების დიპლომით (სპეციალობა „აღმოსავლეთის ქვეყნების (თურქეთის) ქვეყანათმცოდნეობა“). 1965-1968 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ასპირანტურაში სპეციალობით „საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია“. 1973-1974 წლებში გაიარა სამეცნიერო სტაჟირება ლონდონის უნივერსიტეტის კინგს კოლეჯში 1990 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „რესპუბლიკის სოციალური გეოგრაფია (საქართველოს სსრ მასალებზე)“. სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ ეს დისერტაცია ცნობილი იქნა საბჭოთა კავშირში იმავე გრიფით 1990 წელს დაცულ დისერტაციათა შორის საუკეთესოდ.
1968 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ასისტენტად (1969-1971 წწ.), დოცენტად (1972-1991 წწ.), პროფესორად (1991-1998 წწ., 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 1 მარტამდე, 2009 წლის დეკემბრიდან – დღემდე), კათედრის გამგედ (1993 წლიდან 1998 წლამდე. 1980-1987 წლებში იყო პარტიულ სამუშაოზე: 1980 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის მდივნად. 1981-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგედ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ. იმავე პერიოდში შეთავსებით (ნახევარ შტატში) მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1987-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში — საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ინფორმაციის ცენტრის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის განყოფილების გამგედ, სოციოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორად, დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.
1997 წლის 1 აგვისტოდან იყო დიპლომატიურ სამუშაოზე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორად.
1998 წლის 19 თებერვლიდან 2004 წლის 15 სექტემბრამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში. 2005 წლის 26 თებერვლიდან 2009 წლის 26 თებერვლამდე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში. 2009 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 31 ოქტომბრამდე იყო საგანგებო დავალებათა ელჩი. 2014-2016 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, 2016-2020 წლებში — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანიელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში.
2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე შეთავსებით იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. 1996 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1998 წელს მიენიჭა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 1996-1998 წლებში სათავეში ედგა ქართველ გეოგრაფთა ეროვნულ კომიტეტს (იმ პერიოდში საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება გახდა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის წევრი). 2001 წელს არჩეულ იქნა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელ წევრად.
2008 წლის 29 მარტიდან 2016 წლის აპრილამდე იყო ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი. 2009 წლის აპრილში აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2018 წელს — წევრად. 1995-1997 წლებში იყო NATO-ს მეცნიერ-მკვლევარი კონკურსში მოპოვებული გრანტის საფუძველზე.
სრულად – გადასვლა სწავლულ ექსპერტთა რეესტრის გვერდზე