საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ახალგაზრდობა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძალაა.
ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია ახალგაზრდა ადამიანის პიროვნული თვითრეალიზაციისათვის საჭირო სამართლებრივი და ეკონომიკური პირობების შექმნა, ახალგაზრდობის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, ახალგაზრდობის მონაწილეობის, ჩართულობის, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების, განათლებისა და დასაქმების, ინფორმირებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების პირობების შექმნა და რეალიზება. ახალგაზრდობის წინაშე მდგარ პრობლემათა დაძლევისათვის აუცილებელია არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებების დახვეწა, წარმოჩენა და გაძლიერება.
სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სწორად განხორციელებით მივიღებთ სრულფასოვან, ჯანსაღ, დამოუკიდებელ და მოტივირებულ ახალგაზრდობას, რაც წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისა და მშენებლობის ერთ-ერთ უმთავრეს გარანტს.
სპორტი ის სოციალურ-ეკონომიკური ფენომენია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის კეთილდღეობის სფეროში დასახული სტრატეგიული მიზნების განვითარების საქმეში.
სპორტი აძლიერებს ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორიცაა: გუნდური პრინციპი, სოლიდარობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა. დიდი წვლილი შეაქვს პიროვნების განვითარებისა და სრულყოფის საქმეში. ხელს უწყობს მოქალაქეთა აქტიურ ინტეგრაციას საზოგადოებაში და ამით კიდევ უფრო აძლიერებს მათ მოქალაქეობრივ ვალს.
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოში, როგორც მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაში, აუცილებელია გამოიკვეთოს ტურიზმის პრიორიტეტულობის შემდეგი კრიტერიუმები: ტურიზმის ექსპორტაბელურობის მაღალი დონე და აქედან გამომდინარე ქვეყნის შემოსავლების ზრდაში მისი დიდი პოტენციალი; მოსახლეობის დასაქმების მასშტაბური Aშესაძლებლობა; რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონის გამოთანაბრების დიდი რეზერვების არსებობა (ტურისტული პოტენციალის ბუნებრივ-გეოგრაფიული განლაგება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე); ეკონომიკის სხვა დარგების (ტრანსპორტი და კომუნიკაციის საშუალებები, ვაჭრობა და მომსახურება, დაზღვევა და საბანკო საქმე, აგრარული სექტორი, კვების მრეწველობა, მშენებლობა და სხვა) განვითარების სტიმულირება, ტურიზმის მაღალი მულტიპლიკატორული ეფექტი.
ვაჟა შუბლაძე
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი