საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ არაერთი სახეცვლილება განიცადა. ეს პერიოდი როგორც დაშვებული შეცდომებით, ისე არაერთი წარმატებითაა დამახასიათებელი.
ბუნებრივია, რომ სახელმწიფოებრიობა აღდგენილ საქართველოს არ გააჩნდა ქვეყნის ეკონომიკის დამოუკიდებლად მართვის სათანადო გამოცდილება, რითაც უნდა აიხნსნას დაშვებულ შეცდომათა დიდი უმრავლესობა. იმავდროულად ოცწლიან პერიოდში ეკონომიკის წარმართვის მდიდარი გამოცდილება დაგროვდა, რაც ქართველ ეკონომისტთა ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვედრილა.
ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის მიერ გატარებული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც წესი, განისაზღვრება მოცემული ქვეყნის სახელმწიო პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ვექტორით. ამ კუთხით საქართველოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, რომელიც გამომდინარე იექნება ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნებიდან.
ახალი ჟურნალი “ქართული პოლიტიკა” სისტემატურად გააშუქებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც დაშვებული შეცდომების გამოაშკარავებას, ისე წარმატებული ნაბიჯების გაანალიზებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას.
ვლადიმერ პაპავა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი